მიკრო ბიზნესის გაიდი ინდ.მეწარმეებისთვის | Sharkyyy
Sharkyyy
ყველა ბლოგი

21.03.2025

მიკრო ბიზნესის გაიდი ინდ.მეწარმეებისთვის

მიკრობიზნესი არის შეღავათიანი დაბეგვრის სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს ფიზიკურ პირს, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 000 ლარს, ისარგებლოს საგადასახადო შეღავათებით.

მნიშვნელოვანია, რომ პირი არ ეწეოდეს აკრძალულ საქმიანობას და არ ჰყავდეს თანამშრომლები.

ამ და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს სტატიაში გაგაცნობთ.

საგადასახადო განაკვეთი

მიკრო ბიზნესის შემოსავალზე გადასახადის განაკვეთი 0%-ია, თუმცა, ყველა ტიპის შემოსავალი არ ითვლება მიკრო ბიზნესის შემოსავლად. ზოგიერთ ტრანზაქციაზე მოგიწევთ საშემოსავლო გადასახადის 20%-ის ოდენობით გადახდა.

მიკრო ბიზნესის სტატუსის შესანარჩუნებლად თქვენი შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს. მიაქციეთ ყურადღება, რომ საუბარია შემოსავალზე და არა მოგებაზე - ანუ შემოსავალზე, ხარჯის გამოკლების გარეშე.

მიკრო ბიზნესის სტატუსის მიღება

ინდივიდუალურ მეწარმეს მიკრო ბიზნესის სტატუსი ავტომატურად არ ენიჭება, მისი გააქტიურებისათვის უნდა მიმართოთ შემოსავლების სამსახურს. მის მიღებას ფიზიკური პირი იმ შემთხვევაშიც შეძლებს, თუ არ აქვს ინდ.მეწარმის აქტიური სტატუსი.

განაცხადი ხელმისაწვდომია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე: https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=329

განაცხადში აუცილებლად უნდა მიუთითოთ საქმიანობის ტიპი და დაადასტუროთ, რომ თქვენი შემოსავალი 30,000 ლარს არ სცდება.

განაცხადი ავტომატურად მუშავდება, თუმცა შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში შესაძლოა ნეგატიური პასუხი მიიღოთ, ამიტომ განაცხადის შეტანის შემდეგ აუცილებლად შეამოწმეთ შემოსავლების სამსახურის პასუხი.

მიკრო ბიზნესისათვის აკრძალულ საქმიანობათა სია

საქართველოს მთავრობის 415-ე დებულებით, მიკრო ბიზნესის რეჟიმისთვის აკრძალულია შემდეგი საქმიანობა. თუ ასეთი საქმიანობით ხართ დაკავებული, მიკრობიზნესი მაინც შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა საქმიანობებისთვის, მაგრამ აკრძალული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი უნდა იყოს აღრიცხული სტანდარტული სისტემით და შეტანილი წლიურ დეკლარაციაში.

  • საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას.
  • საქმიანობა, რომლის შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში შეიძლება აღემატებოდეს 30 000 ლარს.
  • სავალუტო ოპერაციების განხორციელება.
  • სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა.
  • სათამაშო ბიზნესი.
  • ვაჭრობა (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება საქონლის გადამუშავება და შემდგომი მიწოდება).

შემოსავლები, რომელთაც მიკრო ბიზნესი არ ითვალისწინებს

აკრძალული საქმიანობის გარდა, მთავრობის დადგენილება N415 ასევე განსაზღვრავს შემოსავლის იმ სახეებს, რომელთა მიღებაც მიკრობიზნესის შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმის ფარგლებში არ დაიბეგრება შეღავათიანი განაკვეთით.

ანუ ასეთი შემოსავლის მიღება არ გიკრძალავთ მიკრობიზნესის სტატუსით სარგებლობას, თუმცა აღნიშნული შემოსავალი არ მოხვდება მიკრობიზნესის შეღავათიანი დაბეგვრის პირობებში.

ამ ტიპის შემოსავლები უნდა აისახოს წლიურ საშემოსავლო დეკლარაციაში და დაიბეგროს 20%-იანი განაკვეთით.

  • ქონების იჯარით/უძრავი ქონების ქირით გაცემა.
  • პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი. სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი. სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებები. ჩუქება.
  • ნამეტი შემოსავალი, რომელიც მიღებულია შემდეგი ქონების რეალიზაციით: ა) უძრავი ქონება; ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება; გ) ფასიანი ქაღალდები.
  • მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახით მიღებული შემოსავალი.
  • დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი.
  • როიალტის სახით მიღებული შემოსავალი.
  • ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი.
ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული ტიპის შემოსავლები არ ითვლება მიკრობიზნესისთვის განსაზღვრულ 30,000 ლარიან წლიურ ლიმიტში.

მაგალითად, თუ თქვენ მიკრობიზნესის ფარგლებში მიიღეთ სამეწარმეო შემოსავალი 29,000 ლარის ოდენობით, ხოლო დამატებით მიიღეთ 5,000 ლარის ოდენობის როიალტი ან დივიდენდი, ლიმიტში ჩათვლილი იქნება მხოლოდ სამეწარმეო (29,000 ლარის) შემოსავალი.

შესაბამისად, როიალტი და დივიდენდები არ დაარღვევენ მიკრობიზნესის რეჟიმის გამოყენების შესაძლებლობას, თუმცა ისინი უნდა აისახოს წლიურ დეკლარაციაში და დაიბეგროს 20%-იანი განაკვეთით.

ჩვენი სერვისი სრულად უჭერს მხარს შემოსავლის ტიპების ცალ-ცალკე აღრიცხვას.

თუ თქვენ საქმიანობთ მიკრობიზნესის რეჟიმში, მაგრამ გქონდათ ისეთი შემოსავალი, რომელიც ამ რეჟიმში არ იბეგრება შეღავათიანი განაკვეთით, სერვისი ავტომატურად ამოიცნობს მას და შემოგთავაზებთ მისი გადატანას საშემოსავლო გადასახადის ბაზაზე (20%).

გარდა ამისა, ჩვენ დაგეხმარებით წლიური დეკლარაციის მომზადებასა და წარდგენაში, რაც მნიშვნელოვნად გაგიადვილებთ საგადასახადო ვალდებულებების სწორად და დროულად შესრულებას.

თანამშრომლების დაქირავება

მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებს არ შეუძლიათ თანამშრომლების ყოლა. თუ კადრების აყვანა გსურთ, აუცილებელია შეიცვალოთ საქმიანობის ტიპი.

მიკრო ბიზნესის დეკლარაცია

მიკრო ბიზნესის დეკლარაცია შერწყმულია საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციასთან და განთავსებულია მის N2 ჩანართზე. მიკრო ბიზნესის დეკლარაციის წარდგენა მოგიწევთ წელიწადში ერთხელ, 1 აპრილამდე.

მიკრო ბიზნესის დეკლარაციის შევსება საკმაოდ მარტივია. მე-2 სვეტში უნდა მიუთითოთ ჯამური შემოსავალი. გაითვალისწინეთ რომ საუბარია შემოსავალზე და არა მოგებაზე.

ბუღალტრული აღრიცხვის მოთხოვნები

ინდმეწარმეებს, რომლებიც არ არიან დღგ-ის გადამხდელები, არ ევალებათ სრული ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება.

ისინი ვალდებულნი არიან აწარმოონ შემოსავლების აღრიცხვის წიგნი. ეს არის ცხრილი, სადაც ფიქსირდება ყველა მიღებული შემოსავალი, რის საფუძველზეც ფორმირდება დეკლარაციაში მითითებული საერთო შემოსავალი.

თუ თქვენ იყენებთ Sharkyyy-ს სერვისს, შემოსავლების წიგნი ავტომატურად გენერირდება დეკლარაციის შევსების შემდეგ.

დღგ-ს გადახდის ვალდებულება

მიკრო ბიზნესი ვერ გახდება დღგ-ს გადამხდელი, ასეთ შემთხვევაში, სტატუსი ავტომატურად გაგიუქმდებათ.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმება

შემოსავლების სამსახური ავტომატურად გაგიუქმებთ მიკრო ბიზნესის სტატუსს, თუ თქვენი შემოსავალი აღემატება 30 000 ლარს. ასევე, იმ შემთხვევაში თუ ეწევით აკრძალულ საქმიანობას ან გიფიქსირდებათ თანამშრომელი.

მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმება მეწარმის სურვილით

მიკრო ბიზნესის სტატუსის გასაუქმებლად საჭიროა განაცხადის შევსება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე: https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=439

პასუხისმგებლობა საგადასახადო სამართალდარღვევებზე

თუ შემოსავლების სამსახურმა აღმოაჩინა, რომ ეწევით მიკრო ბიზნესისათვის აკრძალულ საქმიანობას, გარდა სტატუსის გაუქმებისა და გადასახადების გადაანგარიშებისა, დაჯარიმდებით 500 ლარით.