მცირე ბიზნესის გაიდი ინდ.მეწარმეებისთვის | Sharkyyy
Sharkyyy
ყველა ბლოგი

28.03.2025

მცირე ბიზნესის გაიდი ინდ.მეწარმეებისთვის

მცირე ბიზნესი არის შეღავათიანი დაბეგვრის სისტემა, მისი გამოყენება შეუძლიათ იმ ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომლებიც წელიწადში 500,000 ლარამდე გამოიმუშავებენ. მნიშვნელოვანია, რომ მეწარმე არ ეწეოდეს მცირე ბიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობას. ამ და სხვა დეტალებს სტატიაში გაეცნობით.

გადასახადის განაკვეთი

გადასახადის განაკვეთი შეადგენს ბრუნვიდან მიღებული თანხის 1%-ს. (განსხვაბებით საშემოსავლო გადასახადისგან, რომელიც ითვლება არა ბრუნვიდან, არამედ მოგებიდან). თუ შემოსავალი წელიწადში 500 000 ლარს აღემატება, მაშინ თანხა, რომელიც აჭარბებს ლიმიტს, დაიბეგრება 3%-იანი გადასახადით. მეწარმეებისთვის, რომლებიც მუშაობენ მეღვინეობისა და აგრო-ტურიზმის სფეროში, ლიმიტი შეადგენს 700 000 ლარს.

თუ ლიმიტს 2 წლის განმავლობაში ზედიზედ გადააჭარბებთ, მაშინ შემდეგ წელს შემოსავლების სამსახური გაგიუქმებთ მცირე ბიზნესის სტატუსს და მის გამოყენებას ვეღარ შეძლებთ.

მცირე ბიზნესის სტატუსის მიღება

მცირე ბიზნესის სტატუსი ინდ.მეწარმეს ავტომატურად არ ენიჭება, მის მისაღებად აუცილებელია განაცხადის შეტანა შემოსავლების სამსახურში. განაცხადის შევსებას შეძლებთ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე მოცემული ბმულით: https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=331

სტატუსი მოგენიჭებათ შემდეგი თვის 1 რიცხვში. მაგალითად, თუ განაცხადი შეიტანეთ მარტში, სტატუსი გაგიაქტიურდებათ 1 აპრილს. შესაბამისად, მარტის თვეში მიღებულ შემოსავალზე მოგიწევთ საშემოსავლო გადასახადის, 20%-ის გადახდა.

განაცხადში აუცილებელია მიუთითოთ თქვენი საქმიანობის ტიპი და ტელეფონის ნომერი. ასევე, უნდა მონიშნოთ, რომ ინფორმირებული ხართ სტატუსის მხოლოდ შემდეგი თვის პირველი რიცხვიდან გააქტიურების შესახებ. ასევე დაადასტუროთ, რომ თქვენი საქმიანობა არ შედის მცირე ბიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობათა სიაში.

განაცხადი ავტომატურად მუშავდება, თუმცა არასწორად მითითებული ინფორმაციის გამო შესაძლოა ნეგატიური პასუხი მიიღოთ, ამითომ განაცხადის შეტანის შემდეგ აუცილებლად შეამოწმეთ შემოსავლების სამსახურის წერილი.

მცირე ბიზნესისათვის აკრძალულ საქმიანობათა სია

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირთათვის განსაზღვრულია აკრძალულ საქმიანობათა სია. თუ თქვეი საქმიანობა ამ სიას მიეკუთვნება, სტატუსის გააქტიურებას ვერ შეძლებთ. იმ შემთხვევაში თუ ჯერ მცირე ბიზნესის სტატუსი მიიღეთ, შემდეგ კი გადაწყვიტეთ აკრძალული საქმიანობებიდან რომელიმეთი დაკავება, აუცილებელია მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება.

იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახური დარღვევას გამოავლენს, გადააკვალიფიცირებს თქვენს გადასახადს და 1%-ის ნაცვლად მოგიწევთ 20%-ის გადახდა.

ამ სახის საქმიანობები ჩამოთვლილია საქართველოს მთავრობის N415 დადგენილებაში:

  • საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზიას ან ნებართვას;

  • საქმიანობები, რომელთა განხორციელებას სჭირდება მნიშვნელოვანი ინვესტიცია (აქციზური საქონელი);

  • უცხოური ვალუტის გაცვლა;

  • სამედიცინო, არქიტექტურული, იურიდიული, აუდიტორული, საკონსულტაციო (მათ შორის საგადასახადო კონსულტაცია) საქმიანობები;

  • სათამაშო ბიზნესი (კაზინო);

  • პერსონალის შერჩევის საქმიანობა (HR).
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ მცირე ბიზნესისთვის აკრძალულია საკონსულტაციო საქმიანობა. თუ გსურთ გამოიყენოთ მცირე ბიზნესის სტატუსი, გირჩევთ, თავიდან აიცილოთ ნებისმიერი ფორმულირება, რომელიც დაკავშირებულია კონსულტაციებთან, ხელშეკრულებებსა თუ სხვა დოკუმენტებში.

შემოსავლები, რომელთაც მცირე ბიზნესი არ ითვალისწინებს

აკრძალული საქმიანობის გარდა, დადგენილება N415-ში ასევე განსაზღვრულია შემოსავლის სახეები, რომლებიც არ ითვალისწინება მცირე/მიკრო ბიზნესის რეჟიმის ფარგლებში.

ეს ნიშნავს, რომ ასეთი შემოსავალი არ გიშლით ხელს მცირე/მიკრო ბიზნესის სტატუსის გამოყენებაში, თუმცა აღნიშნულ შემოსავალზე მოქმედებს 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი და იგი უნდა აისახოს არ თვიურ, არამედ წლიურ საშემოსავლო დეკლარაციაში.

შემოსავლის ასეთ სახეებს მიეკუთვნება:

  • ქონების იჯარით/უძრავი ქონების ქირით გაცემით მიღებული შემოსავალი;
  • პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი;
  • სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი;

  • სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგება;
  • ჩუქება;

  • ნამეტი შემოსავალი, რომელიც მიღებულია შემდეგი ქონების რეალიზაციით:
 ა) უძრავი ქონება
 ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება
 გ) ფასიანი ქაღალდები მემკვიდრეობით მიღებული ქონება და მისგან მიღებული შემოსავალი;

  • დივიდენდების სახით მიღებული შემოსავალი;

  • როიალტის სახით მიღებული შემოსავალი;
  • ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი;

  • პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი;

  • სამშენებლო მომსახურებით მიღებული შემოსავალი, თუ მომსახურების მიმღები არის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საწარმო, ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბოლო პუნქტს, ის დაემატა 2025 წლის თებერვალში და არ ვრცელდება წინა პერიოდებზე.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შემოსავლები ასევე არ შედის მცირე ბიზნესის 500/700 ათასი ლარის წლიურ ლიმიტში.

ჩვენი სერვისი უზრუნველყოფს შემოსავლების ცალ-ცალკე აღრიცხვას. თუ საქმიანობას ეწევით მცირე ბიზნესის სტატუსით, მაგრამ გაქვთ შემოსავალი, რომელიც ზემო კატეგორიაში ხვდება სერვისი ავტომატურად შემოგთავაზებთ მისი წლიურ დეკლარაციაში გადატანას და მოამზადებს შესაბამის საშემოსავლო დეკლარაციას.

მცირე ბიზნესის დეკლარაცია

მცირე ბიზნესის დეკლარაცია უნდა მოამზადოთ ყოველთვიურად, არაუგვიანეს შემდეგი თვის 15 რიცხვისა. მაგალითად, იანვრის დეკლარაცია უნდა შეავსოთ 15 თებერვლამდე. სწორედ ამ ვადებში უნდა გადაიხადოთ გადასახადიც. მცირე ბიზნესის დეკლარაციაში ინდმეწარმემ უნდა გაანაწილოს შემოსავალი ოთხ კატეგორიად:

  • 1. ნაღდი გადახდები
  • 2. უნაღდო (ბანკის გზით მიღებული) გადახდები
  • 3. POS-ტერმინალით მიღებული გადახდები
  • 4. სხვა ტიპის შემოსავალი — მაგალითად, ბარტერის გზით მიღებული შემოსავალი (მაგ., კრიპტოვალუტით გადახდა)
  • გრაფა 15 - აქ ავსებთ წლიური შემოსავლის დაგროვებულ ჯამს, მიმდინარე თვის შემოსავლების ჩათვლით. მაგალითად, მარტის დეკლარაციის შევსებისას უნდა მიუთითოთ არამხოლოდ მარტის, არამედ წინა თვეების (იანვარი, თებერვალი) შემოსავალი ჯამურად.
  • გრაფა 17 - ამ გრაფაში ავტომატურად აისახება მხოლოდ ამ თვის შემოსავალი.
  • გრაფა 18 - ნაღდი ფულით მიღებული შემოსავალი, რომელიც გატარდა რეგისტრირებულ სალაროში.
  • გრაფა 19 - POS-ტერმინალით მიღებული შემოსავალი (ფიზიკური ბარათის ტერმინალი).
  • გრაფა 20 - უნაღდო გადახდები — ბანკის გადარიცხვები.
  • გრაფა 21 - სხვა ნებისმიერი შემოსავალი (მაგალითად, კრიპტო).
  • გრაფები 22-24 – მხოლოდ დღგ-ის გადამხდელებისთვის.
  • გრაფა 26 – ავტომატურად ითვლება გადასახდელი თანხა.

თუ ეს ყველაფერი თქვენთვის ზედმეტად დამაბნეველი და რთულია, მაშინ ნამდვილად დროა მიმართოთ Sharkyyy-ს. ჩვენი სერვისი ავტომატურად გაანაწილებს თქვენს ტრანზაქციებს, გამოთვლის გადასახადს და მოამზადებს დეკლარაციას.

ახალბედა ინდმეწარმეებისთვის გვაქვს სპეციალური შეთავაზება, თუ სტატუსი 6 თვეზე ნაკლები ხნის წინ გაიაქტიურეთ, სერვისით სარგებლობას 3 თვის განმავლობაში უფასოდ შეძლებთ.

დარეგისტრირდით დღესვე და გამოიყენეთ შესაძლებლობა!

ბუღალტრული აღრიცხვის მოთხოვნები

ინდმეწარმეებს, რომლებიც არ არიან დღგ-ის გადამხდელები, არ ევალებათ სრული ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება.

ისინი ვალდებულნი არიან აწარმოონ შემოსავლების აღრიცხვის წიგნი. ეს არის ცხრილი, სადაც ფიქსირდება ყველა მიღებული შემოსავალი, რის საფუძველზეც ფორმირდება დეკლარაციაში მითითებული საერთო შემოსავალი.

თუ თქვენ იყენებთ Sharkyyy-ს სერვისს, შემოსავლების წიგნი ავტომატურად გენერირდება დეკლარაციის შევსების შემდეგ.

მცირე ბიზნესის შეღავათები

თუ თქვენ დარეგისტრირდით მეწარმედ და მიიღეთ მცირე ბიზნესის სტატუსი წელს, ან თქვენი შემოსავალი შარშან 50 000 ლარზე ნაკლები იყო, შეგიძლიათ ისარგებლოთ საგადასახადო შეღავათით. 6000 ლარი, რომელსაც თანამშრომლებს უხდით ხელფასის სახით, არ დაექვემდებარება საშემოსავლო გადასახადს. მაგალითად, თუ თქვენი დასაქმებულის ხელფასი 1000 ლარია და ხელზე გადასახადის დაქვითვის შემდეგ ის იღებს 800 ლარს, მაშინ შეღავათის ფარგლებში შეგიძლიათ გადაიხადოთ 1000 ლარი გადასახადის დაქვითვის გარეშე. ამ შემთხვევაში საჭიროა მცირე ბიზნესის დეკლარაციის 25-ე სვეტში შეიტანოთ ინფორმაცია გამოყენებული სარგებლის ოდენობის შესახებ (ამ თვეში გადახდილი თანხა გადასახადის დაკავების გარეშე). შეღავათი არ ვრცელდება საპენსიო შენატანებზე.

დღგ-ს გადახდის ვალდებულება

მცირე ბიზნესსაც აქვს დღგ-ს გადახდის ვალდებულება. მისი გადახდის ვალდებულება ინდ.მეწარმეს 100,000 ლარიანი ლიმიტის გადაჭარბების შემდეგ მოუწევს.

100,000 ლარიან ზღვარში არ შედის თქვენი ყველა შემოსავალი. მაგალითად, თუ უცხოეულ კლიენტებზე მუშაობთ, სავარაუდოდ დღგ-ს გადახდა საერთოდ არ მოგიწევთ. ამის შესახებ მეტ დეტალს იხილავთ ჩვენს სტატიაში დღგ-ს შესახებ.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება

შემოსავლების სამსახური ავტომატურად გაგიუქმებთ მცირე ბიზნესის სტატუსს, თუ თქვენი შემოსავალი ორი წლის განმავლობაში გადააჭარბებს 500,000/700,000 ლარს.

ასევე, სტატუსი შეიძლება იძულებით გაუქმდეს, თუ დადგინდება, რომ ეწევით აკრძალულ საქმიანობას დადგენილ სიაში აღნიშნულ სფეროებიდან.

გარდა ამისა, მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს სალარო აპარატის გამოუყენებლობის გამო წელიწადში ზედიზედ 3-ჯერ დაჯარიმება.

მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება მეწარმის სურვილით

მცირე ბიზნესის სტატუსის გასაუქმებლად აუცილებელია განაცხადის შევსება: https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=690

განაცხადში მოგიწევთ გაუქმების მიზეზის დაფიქსირება. ეს შეიძლება იყოს თქვენი პირადი სურვილი, ინდივიდუალური მეწარმის საქმიანობის შეწყვეტა, ლიმიტის ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გადაჭარბება, ასევე მცირე ბიზნესისთვის აკრძალული საქმიანობის განხორციელება. ამ შემთხვევაში ასევე აუცილებელია მიეთითოს აკრძალული საქმიანობის სახეობა (მაგალითად, კონსულტაცია) და განხორციელების თარიღი.

განაცხადი, როგორც წესი, ავტომატურად მუშავდება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენივე მოთხოვნით რეგისტრაციიდან მოხსნის შემთხვევაში მცირე ბიზნესი უქმდება მხოლოდ მომდევნო კალენდარული წლის პირველი რიცხვიდან.

პასუხისმგებლობა საგადასახადო სამართალდარღვევებზე

თუ შემოსავლების სამსახურმა აღმოაჩინა, რომ ეწევით მცირე ბიზნესისათვის აკრძალულ საქმიანობას, გარდა სტატუსის გაუქმებისა და გადასახადების გადაანგარიშებისა, დაჯარიმდებით 500 ლარით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მიხედვით, დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენის ჯარიმა და საურავი გამოითვლება შემდეგნაირად:

  • თანხის 5% თუ ვადა არ ეღემატება 2 თვეს
  • 10% თუ თანხა აღემატება 2 თვეს ჯარიმა არ დაგეკისრებათ თუ გადასახდელი თანხა შეადგენს 0 ლარს.
გადასახადის გადაუხდელობისთვის (და არა დეკლარაციის არ ჩაბარებისთვის) ყოველ დღეზე გადაუხდელ თანხაზე დაგეკისრებათ საურავი დღეში თანხის 0,06%, ანუ თვეში 1,8% ან წელიწადში 21,9%. ჯარიმების დაგროვება წყდება ვალდებულების წარმოქმნიდან 3 წლის შემდეგ, ანუ ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 65,7%-ს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, დეკლარაციაში გადასახადის ოდენობის არასწორად მითითებისთვის (შემოსავლის არ აღრიცხვა, ან არასრულად აღრიცხვა) ჯარიმა გამოითვლება შემდეგნაირად:
  • გადაუხდელი გადასახადის თანხის 10%, თუ არასრულად გადახდილი ნაწილი არ აღემატება დეკლარაციის მიხედვით გადასახადის მთლიანი თანხის 5%-ს.
  • გადაუხდელი გადასახადის თანხის 25%, თუ არასრულად გადახდილი ნაწილი არ აღემატება დეკლარაციის მიხედვით გადასახადის მთლიანი თანხის 20%-ს.
  • სხვა შემთხვევაში გადასახადის თანხის 50%.
თუ გადაუხდელი თანხა 100,000 ლარს სცდება, შესაძლოა თქვენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას, თუმცა, თუ ჯარიმას 45 დღის განმავლობაში გადაიხდით, შეძლებთ პასუხისმგებლობას თავი აარიდოთ.